ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში

2019-06-03 16:28:56

ქვემო  ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთან, ირაკლი თოფურიასთან ერთად რუსთავსა და გარდაბანში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

მონიტორინგის პროცესს ესწრებოდნენ რუსთავის მერის მოადგილე ბესო ტოგონიძე და რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დადებითად შეაფასეს და შემსრულებელ კომპანიებს გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართეს.

გაირკვა, რომ ქვემო ქართლში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით, შეფერხებების გარეშე  მიმდინარეობს.

"მხარის ხელმძღვანელთან ერთად დავდივართ რეგიონში და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ვახდენთ მონიტორინგს. მუშაობის პროცესი დამაკმაყოფილებელია. შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულში სამუშაო პროცესები მთელს რეგიონში უკვე იქნება დიდ მასშტაბებში გადაზრდილი. ვადებში დასრულდება ყველა სამუშაო და სექტემბერ ოქტომბერში მივიღებთ ძალიან ლამაზ სკვერებს და ბევრ სასარგებლო პროექტს როგორც რუსთავში, ისე გარდაბანში", - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად წუნაშვილი.