დოკუმენტური ფილმი "რუს თავი"

2019-06-02 14:19:39

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში რუსთაველი ახალგაზრდების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „რუს თავის“, პრემიერა გაიმართა.

ახალგაზრდების ინიციატივა, ქალაქში ისეთი სივრცის შექმნის შესახებ, რომელიც წაახალისებდა კინემატოგრაფიის განვითარებას, დაფინანსდა „ორბელიანი საქართველოს“ პლატფორმის საშუალებით, შვედეთის განვითარების სააგენტოსა და ქალაქ რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს დაევალათ დოკუმენტური ფილმის გადაღება რუსთავზე.

„ LOOPÉ FILMS- ს ჰქონდა ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელშიც გავაერთიანეთ რუსთავის ისტორია მისი დასაბამიდან დღევანდელობამდე და შევეცადეთ, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო როგორც ინფორმაციული, ასევე საინტერესო. ჩვენი პროექტი დაფინანსებულია „ორბელიანი საქართველოს“ პლატფორმით და რუსთავის მერიის თანადაფინანსებით. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, ჩვენმა ჩვენებამ წარმატებულად ჩაიარა“ - განაცხადა ფილმის რეჟისორმა, გიორგი ჩაფიჩაძემ, ინფო რუსთავთან საუბარში.

„არასამათავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“ მხარს უჭერს ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ინიციატივა და სურთ შეცვალონ რაიმე მათ ქალაქში. ამის კარგი პრეცენდენტი იყო პრეზენტაცია, რომელიც დღეს გაიმართა. ვიდორგოლი რუსთავის შესახებ გადაღებული იყო ახალგაზრდების ჯგუფის მიერ. ეს პროექტი მხოლოდ ამით არ ამოიწურება. გამოცხადებულია სააპლიკაციო ფორმა და ყველა ახალგაზრდას, რომელსაც სურს მონტაჟისა და ვიდეოგადაღების შესწავლა, ახალგაზრდები სთავაზობენ უფასო კურსს და მზად არიან, დაუთმონ აპარატურა, რომლითაც შეძლებენ ვიდეოს გადაღებას. ეს არის კარგი შანსი ყველასთვის. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ რუსთავის მერიისა და ორბელიანის დაფინანსებული პროექტების რესურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას, თუ მოხდება პროექტის ავტორებთან შეთანხმება. ასევე, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს კონკურსი და ველოდებით ბევრ საინტერესო პროექტს. იმედი მაქვს, რუსთაველი ახალგაზრდები მართლა შეცვლიან რუსთავს უკეთესობისკენ.“  განაცხადა „ორბელიანი საქართველოს“ ფონდის კოორდინატორმა, ნინო გიორგაძემ.