რუსთავის მერიის ახალი სოციალური პროგრამა

2019-05-31 20:26:45

მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების პროგრამის ფარგლებში რუსთავის მერიამ ახალი სოციალური პროექტი შეიმუშავა.

მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ქვირიას თქმით, რუსთავის მერია აფინანსებს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მცხოვრებ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გლუკომეტრების შესაბამისი ტესტ-ჩხირებით უზრუნველყოფას.

პროგრამა აღნიშნული დახმარების გაწევას  40 ბენეფიციარისთვის ითვალისწინებს, თუმცა როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა, თუ დახმარების საჭიროება უფრო მეტ ადამიანს ექნება, დამატებით თანხის მობილიზება აუცილებლად მოხდება.

ტესტ-ჩხირების ოდენობა განსაზღვრულია თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში 4 შეკვრის ( ყოველ 3 თვეში 1 შეკვრა) ოდენობით.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მსურველმა კი ქალაქ რუსთავის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ბენეფიციარის დაბადების მოწმობა; მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ფორმა #100, რომელშიც მითითებული იქნება ბენეფიციარის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის საჭიროება.

ტესტ-ჩხირებით დახმარების პროგრამისთვის მუნიციპალიტეტმა 4950 ლარი გამოყო. 1 შეკვრის ღირებულება დაახლოებითი 30-32 ლარია, შეკვრაში კი 50 ჩხირია მოთავსებული.