სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
სკოლის დამთავრების აღნიშვნის ფორმა შეიცვალა, თუმცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით უცვლელი დარჩა ბევრი დეტალი.
თითქმის ყველა თაობაში უცვლელია ემოციები, რომლებიც სკოლის დამთავრებითაა გამოწვეული. მასწავლებლები ისევ ცრემლიანი თვალებით აცილებენ სკოლის კედლებიდან თავიანთ დაფრთიანებულ ახალგაზრდებს და მოსწავლეებიც ემოციურად ემშვიდობებიან ცხოვრების მთავარ და როგორც ხშირად ამბობენ შეუცვლელ ეტაპს.
რაც მთავარია, უცვლელი დარჩა "ბოლო ზარის" მთავარი სიმბოლო, "თეთრი პერანგი ფერადი სურვილებით".
ქათქათა პერანგებისა თუ წინსაფრების აჭრელება - ალბათ ესაა მოსწავლეებისთვისაც და მათი კეთილისმსურველებისთვისაც სკოლის დამთავრებაში ყველაზე სახალისო და საყვარელი პროცესი.
კურსდამთავრებულებიც სწორედ ამ კუთხით ცდილობენ ფანტაზიის გაშლას და ყოველწლიურად ბოლო ზარის თეთრ პერნგებზე ორიგინალურ, სახალისო და კრეატიულ წარწერებსა თუ ნახატებს ვხვდებით.
"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა კვირის ფოტორეპორტაჟში თქვენთვის წარმოედგინა ამ წლის რუსთაველ კურსდამთავრებულთა ყველაზე საინტერესოდ გაფერადებული თეთრი პერანგები.
მსგავსი ხასიათის ფოტოები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ "ინფო რუსთავის" ფეისბუქ გვერდზე პირად შეტყობინებებში.