მოზარდი პოლიციელების ამოცნობაზე რუსთავში იმყოფებოდა [video]

2019-05-22 17:43:39

არასრულწლოვანი, რომელიც ბოლნისის პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს, დღეს დამნაშავეების ამოსაცნობად, რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში მიიყვანეს. [ვიდეო/video]

როგორც არასრულწლოვანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მოძალადე სამართალდამცველები ამოიცნო.

"დღეს უკვე უნდა მომხდარიყო მოძალადე პოლიციელების ამოცნობა, მაგრამ სამი გამოცხდადდა და შესაბამისად მოხდა მხოლოდ მათი ამოცნობა. მათშორის იყო აკაკი უგრეხელიძე, რომელიც მოქმედი პოლიციელია, რომელიც მთავარი ბრალდებულია არასრულწლოვნის ძალადობაში. პოლიციელი ბავშვმა ამოიცნო. არასრულწლოვანზე ძალადობას ესწრებოდნენ პოლიციის შენობაში მყოფი სხვა სამართალდამცველები, რომლებსაც რეაგირება არ მოუხდენიათ. 10-მდე პოლიციელი უნდა მიეცეს პასუხისგებაში"- განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 თვის წინ, ბოლნისის პოლიციაში მოხდა, როცა არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მოზარდი ჰყვება, რომ მისგან სამართალდამცველები თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რის გამოც პოლიცია მას სასტიკად გაუსწორდა. არასრულწლოვანის ინფორმაციით, მას ხელი მოტეხეს, ქამრით სცემეს, გააშიშვლეს და ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.