კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავში მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის I, II და III ჩიხებში წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს. პროექტის ფარგლებში, კომპანია რუსთავის წყალი 4 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს ავითარებს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები მონტაჟდება. [ვიდეო/video]
სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება და შედეგად, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის I, II და III ჩიხებში დამატებით 150-ზე მეტიაბონენტი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. პროექტში კომპანია რუსთავის წყალი 100 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
"კომპანია რუსთავის წყალი მე-19 მიკრორაიონში მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, აღნიშნული ტერიტორია არ შემოდიოდა რუსთავის მუნიციპალიტეტში და მას შემდეგ უკვე, რაც ეს ტერიტორია გადაეცა რუსთავის მუნიციპალიტეტს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ტერიტორიაზე მოაწყოს წყლის ახალი სისტემები. სამუშაოები აქტიურ ფაზაში არის შესული", - განაცხადა თემურ ჯანელიძემ.
სამუშაოების მიმდინარეობისას რუსთავის მერმა კომენტარი გააკეთა - "რუსთავის წყალმა მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკების გზით მიიღო გადაწყვეტილება, რაზეც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომპანიას, გამოყო ბიუჯეტში თანხა აღმაშენებლის 1, 2, 3 ჩიხის ტერიტორიაზე შეყავს წყალი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს აქ მაცხოვრებლების და მოსახლეობის ინტენსიურ განვითარებას და დასახლებას. ენერგო პროს ელექტროენერგია შეყვანილი ყავს, სოკარ გაზთან შარშან მოლაპარაკებები დავიწყეთ და ფაქტობრივად სრულდება, ბუნებრივი აირიც იქნება და შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი ახალი ადგილი რუსთავის, რომლის განვითარებაც განხორციელდება".