ხელოვნური ბარიერი დაანგრიეს და იგივე გააკეთეს

2019-05-15 23:42:53

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე რამდენიმე წლის წინ დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერების დემონტაჟი 1 თვეში უკვე მეორედ მიმდინარეობს.

მძღოლები აღნიშნავდნენ რომ ხელოვნური ბარიერი იყო მაღალი, ამიტომ გადაწყდა რომ არსებული ბარიერის დემონტაჟი მომხდარიყო და ახალი, შედარებით დაბალი შემზღუდავი გაეკეთებინათ. სამუშაოებისთვის ააიპ რუსთავსერვის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა რომელშიც კომპანიამ "ხვამლი" გახდა გამარჯვებული და მას სამუშაოები 19 980 ლარად უნდა შეესრულებინა.

გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ბარიერი დაანგრია და ახალი გააკეთა თუმცა ავტომობილების შემზღუდავი ისევ მაღალი აღმოჩნდა.

სამუშაოების წარმოების პროცესს "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო. გიორგი გოროზიამ შესრულებული სამუშაოები დაიწუნა. გოროზიას განცხადებით, აღნიშნულ სამუშაოებს შემსრულებელი კომპანია თავიდან,  საკუთარი ხარჯებით განახორციელებს, რის შემდეგაც სიჩქარის შემაფერხებელი ხელოვნური ბარიერები, დადგენილ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველების ნაწილი თბილისის ქუჩაზე ე.წ ბუგაროკების დემონტაჟს წლების განმავლობაში ითხოვდა. ადგილობრივების ინფორმაცით, ხელოვნურ ბარიერები თავიდანვე სტანდარტების დარღვევით გაკეთდა.