"ჯეოსთილს 1 თვიანი ვადა მიეცა"

2019-05-15 17:52:14

სამოქალაქო აქტივისტების, ახალგაზრდული ჯგუფის "გავიგუდეთ" წევრების ინიციატივით, რუსთავში, გარემოს დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად "ჯეოსთილის" წარმომადგენელი და რუსთავის მერი ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საწარმო "ჯეოსთილს" იმ შენიშვნების გამოსასწორებლად, რომელიც მასთან რუსთაველ მოსახლეობასა და სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ, 1 თვე მიეცა. "დაგვპირდნენ, რომ 1 თვეში გამოსწორდება სიტუაცია, დაველოდებით ამ ხნის განმავლობაში აუცილებლად. ამასთან გავყვებით სამოქმედო გეგმას და კამპანია "გავიგუდე" არ დასრულდება, სანამ რუსთავის მასშტაბით არსებული თითოეული საწარმო არ მოაგვარებს ტექნიკური გამონაბოლქვისა და გარემოზე მიყენებული ზიანის პრობლემას", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა  მუსერიძე.

როგორც მუსერიძემ აღნიშნა, კამპანიის ავტორები ფიქრობენ შექმნან ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ რუსთაველს მისცემს საშუალებას საწარმოებზე მონიტორინგის პროცესში ჩაერთოს.

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავს" კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საწარმო "ჯეოსთილი" დარღვევებით მუშაობს, უპასუხა რომ: - "არა მარტო "ჯეოსთილთან", რუსთავში არსებულ სხვა საწარმოებთანაც როგორც სხვა რუსთაველებს, მეც მაქვს გარკვეული სამართლებრივი კითხვები, რომლებიც მათ საწარმოო პროცესს ეხება". 

კომპანია "ჯეოსთილის" წარმომადგენელმა "ინფო რუსთავის" კითხვას, აღიარებს თუ არა საწარმოს ადმინისტრაცია, რომ "ჯეოსთილი" ზიანს აყენებს რუსთავის მოსახლეობის ჯანმრთელობას თავი აარიდა.

აღმოიფხვრება თუ არა პრობლემა, რომელიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებს სავარაუდოდ, 1 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.