თბილისში პითონი დაიჭირეს

2020-08-01 11:53:02

თბილისში პითონი დაიჭირეს. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, პოთონი მამაკაცს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სამუშაო ოფისში ჰყავდა, საიდანაც გაექცა. საინფორმაციო სააგენტოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, რომ პითონი სიგრძეში 1 მეტრი და 30 სანტიმეტრი იყო.

პითონის დასაჭერად ევაკუაცია გახდა საჭირო. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს ხანებში მოხდა და შენობიდან ის ადამიანები გამოიყვანეს, რომლებიც ამ დროს სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა.

"გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა:

-პითონი გამექცა, დამეხმარეთ.

ჩვენი ოპერატორი იბნევა, სთხოვს კიდევ ერთხელ გაიმეოროს რა სახის დახმარება ესაჭირეობა და ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გადის შემთხვევის ადგილზე.

წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მაცხოვრებელი, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია არავის ვუსურვებთ მის ,,სტუმრობას". ბოლომდე გვიჭირდა გააზრება რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტიურად ,,თვალებახვეულებს" მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა.

გულწრფელად გეუბნებით, არცერთი წამი არ გვიფიქრია უკან დაგვეხია, ბოლო წუთამდე შემართებით ვემსახურეთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს თბილისელებს.

საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და "გრძელი ღამეც" დაიწყო.

დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი ,,დამნაშავეც" გამოვიჭირეთ. ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო არ ასახავს რეალობას

RUSTAVI