რუსთავში ახალგაზრდა ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს [video]

2022-04-09 00:01:52

რუსთავში ახალგაზრდა ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გვიან ღამით 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული. 

ოთხივე მათგანი ახალგაზრდა ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სამმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც.

ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა. პოლიციელებმა ოთხივე პირი დააკავეს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა და მოსამართლე მადონა მაისურაძემ ოთხივეს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა, თინათინ სტურუამ "ინფო რუსთავს" სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ბრალდებულებიდან სამ პირს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 137 მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს.

სტურუას ინფორმაციითვე, მეოთხე პირს ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

საქმეზე ბრალდებულების უფლებადამცველებმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები