ველომსვლელობა რუსთავიდან დავით გარეჯამდე

2019-05-09 16:42:00

"დავით გარეჯი საქართველოა" - სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც დავით გარეჯის მიმდებარედ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, რუსთაველებიც შეუერთდნენ.

რუსთაველების ნაწილმა დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები რამდენიმე დღის წინ რუსთავში, სოკარის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზეც გააპროტესტა, უშუალოდ დავით გარეჯის ტერიტორიაზე კი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს რუსთავიდან დღეს მეორედ შეუერთდნენ.

რუსთაველებმა დავით გარეჯამდე ველომსვლლეობა მოაწყვეს. აქტივისტების თქმით, მათ სურთ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯი საქართველოა.

დავით გარეჯამდე ველომსვლელობაში თბილისიდან და რუსთავიდან დაახლოებით 30 ადამიანი იყო ჩართული.

შეგახსენებთ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წლების განმავლობაში შეუთანხმებელი სასაზღვრო ზოლი სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან გადის.

რამდენიმე დღის წინ ეს მონაკვეთი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაკეტეს, მოგვიანებით გახსნეს, თუმცა, თავად ფაქტმა საქართველოში საპროტესტო აქციები გამოიწვია. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკება უახლოეს ხანში განახლდება.

როგორც რუსთაველმა აქტივისტებმა "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნეს, სწორედ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებაა მათი მოთხოვნა და ეს იყო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დღეს აქტივისტების შეკრების მთავარი მიზეზიც.