რუსთავში 28 გველი დაიჭირეს

2020-09-16 00:22:42

რუსთავში, აგვისტოს თვეში, 28 გველი დაიჭირეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, ხომ არ არის რუსთავში გამოკვეთილი კონკრეტული უბნები, რომლებშიც ფიქსირდება ქვეწარმავლების დიდი რაოდენობა, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ქალაქში არსებული თითქმის ყველა უბნიდან შედის.

გამოძახებები ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების ეზოებიდანაც ხდება.

აღსანიშნავია, რომ სამსახური "რუსთავსერვის ცენტრთან" შეთანხმებით, პრევნციულ ზომებსაც ატარებს. სისტემატიურად მიმდინარეობს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გველების ამოკრეფვითი სამუშაოები.

მოსახლეობას, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 341 24 10 44/ 24 28 16. ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.