რას ეძებდა პოლიცია მტკვარში [video]

2019-10-10 00:11:55

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაშველები რუსთავში დავით მუმლაძის მკვლელობის იარაღს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დღეს ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ შენობა-ნაგებობასთან ახლოს მიმდინარეობდა. [ვიდეო/video]

სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დანას, რომლითაც მუმლაძეს 30-მდე ჭრილობა მიაყენეს, მტკვრის სანაპიროზე და მდინარის კალაპოტში ეძებდნენ. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცივ იარაღს ჯერ ვერ მიაკვლიეს და შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ხვალაც გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, დავით მუმლაძე იგივე ზურა დადეშელი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. მას ოჯახი 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ეძებდა. მუმლაძეს სხეულზე 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც მას ცივი იარაღით მიაყენეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ამ დრომდე იძებნება ზურაბ ჯღარკავას, რომელსაც უშუალოდ მუმლაძის მკვლელობაში ედება ბრალი.


RUSTAVI