ვინ ვისი მეგობარია და ვინ ვისი ბავშვის ნათლიაა [video]

2019-10-09 20:07:47

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირების ადვოკატები მოსამართლე ქეთევან ლუაშვილის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში გარდა ბრალდებულების ჩვენებებისა, მტკიცებულებები არ არსებობს. [ვიდეო/video]

რაც შეეხება ჩვენებებს, როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმეზე დაკავებული გიორგი ასათიანის ადვოკატმა, იმედა ბეროშვილმა განუცხადა, ასათიანი დაკავებულია დანარჩენი ბრალდებულების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც, მისი თქმით, ამ ჩვენებებში მოცემულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. გარდა ამისა, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებული ასათიანი მოკლულის, დავით მუმლაძის შვილის ნათლიაა, რაც დაცვის მხარისთვის შესაძლოა ერთ-ერთი არგუმენტი გახდეს.

თუმცა, ადვოკატი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გარდაცვლილის მეგობარი, გიორგი გეთაძე და  უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ასათიანი ერთმანეთს წარსულშიც იცნობდნენ. აღსანიშნავია, რომ სხდომის მიმდინარეობისას გეთაძე და ასათიანი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.

"ისინი იცნობენ ერთმანეთს, შეიძლება მეგობრობდნენ კიდევაც", - აცხადებს ასათიანის ადვოკატი.

ჩვენებაში მოცემული ინფორმაციის უარყოფაზე საუბრობს დაკავებული სამართალდამცველის, დავით მიროტაძის უფლებადამცველი მერაბ მუმლაძეც.

"საქმეში არსებობს 4 ძირითადი მტკიცებულება, ეს არის ჩვენებები. რეალური ფაქტები, ვიდეო კამერების ჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და სწორედ ამ 4-ვე ჩვენების ავტორმა, 4-ვე ბრალდებულმა დღეს დაადასტურა, რომ აღნიშნულ ჩვენებებს არ ეთანხმებიან, იყენებენ დუმილის უფლებას და ბრალს არ აღიარებენ. დავით მიროტაძე გაეცნო საქმის მასალებს და ადასტურებს ერთს, რომ აღნიშნულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს. მას ამ ეტაპზე არ სურს ფაქტებზე საუბარი. არ სურს კონკრეტულად იმაზე ისაუბროს, თუ რაზე იქნება დაცვა აგებული, რადგან არ მოხდეს ხელშეშლა. შესაბამისად, როდესაც დასრულდება გამოძიება, სასამართლოში ის აუცილებლად მისცემს ჩვენებას და აცხადებს, რომ იტყვის სიმართლეს, ეს სიმართლე კი იქნება რადიკალურად განსხვავებული", - აცხადებს მერაბ მუმლაძე.

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძესა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პოლიციელებისა და ასათიანის ადვოკატი დაკავებულების 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.


RUSTAVI