"სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად: ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა. გვიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გვიყვარდეს ყველაფერი მის მიერ ქმნილიც; ეს კი აუცილებელ პირობად, ასევე, გულისხმობს ჩვენი „მეს“ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას.
ეგოიზმისაგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის; მაგალითად, როგორიცაა: სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისთვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობა… და ა.შ.“ – ნათქვამია ეპისტოლეში.