"მადლობა თავისუფლებისთვის"

2019-04-09 13:01:28

რუსთავში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო. ღონისძიება კი დიდების ხეივანში გაიმართა.

რუსთავის მერმა ირაკლი თაბაღუამ, ქვემო ქართლის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობასთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიების ფარგლებში დიდების ხეივანში ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

"მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ერის გამოღვიძების, დამოუკიდებლობის და იმ სულისკვეთების გამოღვიძების წელი, რომელმაც შეკრა ჩვენი საზოგადოება, ქართველი ერი და გადავდგით ძალიან რთული ნაბიჯები, რასაც დამოუკიდებლობა ჰქვია. ეს ბრძოლა ამ 30 წლის განმავლობაში გრძელდება და ღრმად მწამს, რომ ჩვენ იმ სანუკვარ ოცნებას საქართველოს სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და დამოუკიდებლობას ამ რთულ გზაზე მივიყვანთ ბოლომდე"- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ:- "30 წლის წინ 1989  წლის 9 აპრილს, იმ დღის ტრაგიკულმა მოვლენებმა, საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენ ისევე, როგორც სრულიად საქართველო, მთლიანად ქვეყანა, მხარეშიც, ყველა მუნიციპალიტეტში და რუსთავში აღვნიშნავთ დღევანდელ დღეს და პატივს მივაგებთ ჩვენი თანამოქალაქეების, იმ გმირების ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ეს იყვნენ ახალგაზრდები, არა მარტო ახალგაზრდები ყველა თაობა, ქალბატონები და გოგონები და ჩვენ მადლობას ვუხდით მათ თავისუფლებისათვის"

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

დიდების ხეივანში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად 21 ნაძვი დაირგა.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები