რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. [ვიდეო/video]
სამედიცინო დაწესებულებაში, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა 5 ადამიანი გადაიყვანა. მათგან სამედიცინო დახმარების გაწევა 4 ადამიანს დასჭირდა, რომელთაგან 2 მცირეწლოვანი, 3 წლის და 5 თვის ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, პაციენტებმა ინტოქსიკაცია ბუნებრივი აირის ნამწვით მიიღეს.
"112-ის ეკიპაჟმა შემოიყვანა ორი მცირეწლოვანი, 5 თვის და სამი წლის ბავშვები. ბავშვების მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. მათ ჩაუტარდათ ფსიგენოთერაპია და ტოქსიგენოთერაპია. ამჟამად მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი", - განაცხადა ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა ინეზა ნოზაძემ.
"ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოს მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ განუცხადა, რომ - "ნახშირორჟანგის ტოქსიკური ელემენტებით გვყავს 2 პაციენტი, შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, მათ ჰქონდათ ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები. არის 42 წლის მამაკაცი და 39 წლის ქალბატონი. ამჟამად უტარდებათ გამოკვლევები და პირველადი სამედიცინო დახმარება. ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ვაგრძელებთ დინამიკაში დაკვირვებას"
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სოკარ-გაზის ეკიპაჟები.