მერია წელს სამედიცინო მომსახურებას ნაკლებ მოქალაქეს დაუფინანსებს. ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა. პენსიონერები, რომლებიც სპეციალური დახმარებისთვის საჭირო ქულათა რაოდენობას არ ფლობენ, ქალაქის მერიისგან აღარ დაფინანსდებიან. შემცირდება ის კრიტერიუმებიც, რის მიხედვითაც მოქალაქე სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას მიიღებს. პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველის სტატუსის, ონკოლოგიური და კარდიო დაავადებების მატარებელ პირებს. ფინანსური დახმარების შეზღუდვა, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ქირიას განცხადებით, დაფინანსების მსურველთა რიცხვის მატებამ გამოიწვია. გასულ წელს, ქალაქის მერიამ სამედიცინო მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოყო, რაც ქირიას განცხადებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წელს ოპერაციების დასაფინანსებელი თანხა უკვე ამოწურულია, ქირიას განცხადებით, ამ დროისთვის რუსთავის მერიაში 400-მდე განაცხადია შესული. 200 მათგანი უკვე დაკმაყოფილდა, 200-განაცხადის დასაკმაყოფილებლად კი თანხების მოძიებაა საჭირო.
თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, მისი თქმით პროგრამაში ცვლილებებია განსახორციელებელი - „გარკვეულ რეფორმობს სახელმწიფოც ატარებს, რეგულაციებს ჩვენც მივიღებთ. თუ ადამიანს დახმარება სჭირდება მას აუცილებლად დავეხმარებით“.