იგეგმება თუ არა კანონში ცვლილებები

2019-01-20 14:48:50

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალს 3 თვემდე ორსულისთვის ბავშვის სქესის გამხელა ისედაც ეკრძალება და შესაბამისად, კანონში ცვლილებები არ იგეგმება. მისივე თქმით, აბორტებთან დაკავშირებით ვითარება ბოლო დროს გამოსწორდა, თუმცა ეს საკითხი პრობლემად კვლავ რჩება.

„აბორტები ყოველთვის იყო თემა, მაგრამ ეს 10 წლის წინ იყო პრობლემა და მას მერე ამ კუთხით საკმაოდ ბევრი გაკეთდა. არსებობს კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომლითაც სამედიცინო პერსონას მშობლისთვის ბავშვის სქესის გამხელა 3 თვემდე ეკრძალებათ.

„კანონში დამატებით ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ასეთივე რეგულაცია უკვე არსებობს. ჯერ-ჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. ბოლო პერიოდში სიტუაცია ამ მიმართულებით გაუმჯობესებულია.

„ადრე, წესით, უნდა დაბადებულიყო ოდნავ მეტი გოგო და იბადებოდა ჩვენთან უფრო მეტი ბიჭი და დღეს ეს ვითარება სწორი წონასწორობსკენაა წასული, ანუ ოდნავ მეტი გოგონა იბადება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ბოლომდე ამოწურულია,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ორსულებისთვის სქესის არგამხელა რეკომენდებულია, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე დაიბადოს თუ არა ბავშვი.

„მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით. ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა. ასეთია სტატისტიკა, რომელიც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე წარადგინეს.