ახალი ავტობუსები

2019-01-16 14:30:32

ინფო რუსთავის ინფორმაციით, თბილისში 90 ახალი ავტობუსი უკვე შემოყვანილია. 2019 წლის განმავლობაში კი დედაქალაქის ავტოპარკი კიდევ 220 ავტობუსით განახლდება.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა მიმდინარე წლის განმავლობაში დედაქალაქში 8-მეტრიანი 220 ავტობუსი შემოვა. მისივე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახალი ავტობუსების შემოყვანისთვის დაახლოებით, 69 მლნ ლარს მიიღებს.

"ახალ ავტობუსებზე ტენდერი დასრულდა. გამარჯვებული კომპანია მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად. გარკვეული პროცედურები დარჩენილია, თუმცა ფასიდან გამომდინარე, გამარჯვებულად ცნობის ოქმი ატვირთულია. ჯამური ღირებულება 69 მლნ ლარამდეა. სატენდერო ვაჭრობამ ფასის საკმაო კლება გამოიწვია", - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობილია, რომ ახალი ავტობუსები ევრო 6 სტანდარტის იქნება.

ევროსტანდარტების შესაბამისი, 90 ერთეული ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი, რომელიც თბილისში უკვე შემოყვანილია მოქალაქეებს სავარაუდოდ თებერვლიდან მოემსახურება.

"არაერთხელ მითქვამს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკა - ხედვა, თუ რა გაკეთდება და რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. იცით, რომ ავტობუსების სრული განახლება მოხდება და ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რომელიც ქალაქისა და მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს"- განაცხადა კახა კალაძემ.