რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადსადნობი ელექტროღუმელი აამუშავეს და ყველა თანამშრომელი რომელიც ღუმელის გაჩერების შედეგად შვებულებაში გაუშვეს ქარხანაში ისევ სამუშაოდ გამოიძახეს. საუბარია 400 ადამიანზე.
შეგახსენებთ, რომ ფოლადსადნობი ღუმელი 2018 წლის წლის 14 დეკემბერს გააჩერეს, მაშინ ქარხნის ხელმძღვანელობა მოითხოვდა ამოქმედებულიყო კანონი, რომელიც საქართველოში დემპინგურ ფასებში შემოტანილი იმპორტირებული სამშენებლო პროდუქციის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაითვალისწინეს იმპორტიორთა თხოვნა, ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, 2018 წლის ბოლომდე ქვეყანაში შემოტანილ სამშენებლო მასალაზე ლიბერალური დამოკიდებულება შენარჩუნებულიყო. გარდა ამისა, მიხეილ დუნდუამ პარლამენტარებს მიანიშნა, რომ კომპანიების ზარალი საქართველოს ბიუჯეტსაც დააზარალებდა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ "უხარისხო" ირანული არმატურა საქართველოში დემპინგურ ფასებში შემოაქვთ, რის გამოც ადგილობრივი წარმოება ზარალდება.