რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ

2019-01-07 17:19:28

ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით, კერძოდ H1N1-ით გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქისრდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1. 

სეზონური გრიპების გავრცელების პერიოდში ყველა ადამიანს აინტერესებს რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებში შედის მაღალი ცხელება ანუ ტემპერატურა 39 გრადუსი და ზევით. იწყება შემცივნებით, ხველით, ყელის, თავისა და სახსრების ტკივილით და ზოგ შემთხვევაში მას ხმის ჩახლეჩაც ახასიათებს.

გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ექიმები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ასახელებენ. ასევე, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირი დაბანა, სახლის სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება, დაავადებულთან კონტაქტისგან თავის არიდება, ნიღბების ხმარება, ერთჯერადი ხელსახოცების გამოყენება და დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.

როგორც ექიმები აღნიშნავენ, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: სამედიცინო პერსონალი; ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, სასკოლო ასაკის ბავშვები; ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით; იძულებით გადაადგილებული პირები და კომპაქტურად ჩასახლებული პირები; ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ.).

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ყველა შემთხვევაში, მიზეზი სამედიცინო დაწესებულებისადმი დაგვიანებით მიმართვიანობა იყო, ამიტომაც უწყებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.