სამინისტროს განცხადება

2019-01-06 11:33:04

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება - სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები, ანტივირუსულ მედიკამენტს- ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ. გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იქნა მიღებული. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება, სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე. დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატ ტამიფლუთი ანტივირუსული მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყოს. მედიკამენტის მოხმარება კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს, შესაბამისად გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ოჯახის ექიმთან მიმართვა და სამედიცინო ჩვენების საფუძველზე შესაბამისი მკურნალობის რეჟიმის დაწყება.