"არ გადაიხადოთ გაზრდილი ტარიფი"

2019-01-05 17:57:39

რამდენიმე დღის წინ რუსთავ-თბილისის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებზე ფასი 50 თეთრით გაიზარდა.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, ტარიფი 1,50 დაამტკიცა საკრებულომ და ეს ტარიფი უნდა მოქმედებდეს. კანონდარღვევაა, როდესაც მძღოლი თვითნებურად მეტს ითხოვს მგზავრისგან.

"ინფო რუსთავის" კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა, მოსახლეობას, რომ არ გადაიხადონ 50 თეთრით მეტი, ქალაქის მერმა ასე უპასუხა - "რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ კი არა, აქ არის ის კანონი და ის რეგულირების სფერო, რომელიც განსაზღვრულია. აქ თანხმობა და თანხვედრა უნდა იყოს ერთი და ის დოკუმენტიც უნდა დაიდოს ამ ფასთან დაკავშირებით. ასე ცალმხრივად მძღოლის მიერ ფასის გაზრდას შესაბამისი სანქცია ჰყვება, თუ შესაბამისი სანქცია ჰყვება, ესეიგი არ არის კანონის ჩარჩოში მოქცეული თანხა, რომელსაც მძღოლი ითხოვს. მე შეიძლება ეს შევადარო იმას, როდესაც გარკვეულ ავტოსადგომებზე მომსახურე პირები მანქანის დაყენების დროს რაღაც გარკვეულ ანაზღაურებას, ასე ვთქვათ საჩუქრად აძლევენ ხოლმე მძღოლები, ფაქტობრივად ასე გამოდის".