აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით 6 ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 18 ადამიანი კი რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება.
მათივე ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობის კურსს 132 მოქალაქე გადის. მედიკოსებით თქმით, პაციენტებს შორის უმრავლესობა ბავშვია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, რვავე გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი ანუ ე.წ. ღორის გრიპია.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ განაცხადა, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევაში ვირუსი მინიმუმ ერთ სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა.
სერგეენკოს თქმით, 48 საათში დაწყებული მკურნალობა ეფექტურია. ამ ეტაპზე 100 ათას მოსახლეზე გრიპით ინფიცირების 277 შემთხვევა ფიქსირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საგანგაშო მონაცემი არ არის და ეპიდემია ამ მაჩვენებლის 500-მდე გაზრდის შემთხვევაში იქნება. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა გრიპის შემთხვევების მატება. მისივე განმარტებით, ავადობა არის ისეთივე როგორიც იყო შარშან წინ ამ დროს და მეტია, ვიდრე იყო შარშან ამ დროს.