,,ენერგო-პრო ჯორჯია“, რუსთავში, ელექტროენერგიის სატრანსფორმატორო პუნქტების სრულ რეკონსტრუქციას ახორციელებს.
უკვე დასრულებული სამუშაოები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს რუსთავის მომსახურების ცენტრის მენეჯერთან სერგო ჭურაძესთან ერთად მოინახულა. რემონტი ხუთ სატრანსფორმატორო პუნქტს ჩაუტარდა, უახლოეს მომავალში კიდევ 2 ობიექტს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
ცნობილია, რომ "ენერგო-პრო ჯორჯია" რუსთავში არსებული სხვა სატრანსფორმატორო პუნქტების რეკონსტრუქციას ეტაპობრივად 2019 წლის განმავლობაში განახორციელებს.
როგორც მერიისა და კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება ქალაქში არსებული სატრანსფორმატორო პუნქტების იერსახე, რაც ასევე ხელს შეუწყობს მიმდებარე ტერიტორიის ვიზუალის გაუმჯობესებასაც, ელექტროენერგიის მიწოდება კი უფრო საიმედო გახდება.
"ენერგო-პროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარე წელს სავალოლო მდგომარეობაში მყოფი ტრანსფორმატორები შეირჩა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2019 წელს დაგეგმილია და ბიუჯეტშიც განსაზღვრულია ქვესადგურების სრული რეაბილიტაცია. დამატებით, თუ რომელიმე ქვესადგურში დაზიანდება ტრანსფორმატორი ის აღარ შეკეთდება, ჩანაცვლდება ახლით. ასევე მიმდინარეობს დიდი ხნის საავარიო მდგომარეობაში მყოფი მიწისქვეშა ელ.სადენების გამოცვლა და ეს ძალიან სერიოზული დამოკიდებულებაა ქალაქისადმი. მიხარია, რომ სასიცოცხლო განათების პრობლემა ქალაქისთვის პერიოდულად რომ მოწესრიგდება ყველაფერი აღმოფხვრილი იქნება",- განაცხადა ინფო რუსთავთან რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
"რეაბილიტაციაში ვგულისხმობთ არამხოლოდ გარე ფასადის რემონტს, არამედ მთლიან რეაბილიტაციას შიგნითარსებული დანადგარებით და მოწყობილობებით. ასევე მიმდინარეობს ქალაქ რუსთავში არსებული მიწისქვეშა საკაბელო ქსელების რეაბილიტაცია, დაახლოებით 6 კილომეტრამდე ასეთი ქსელი შევცვალეთ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მომარაგების ხარისხი. ასევე დაგეგმილია 4 კილომეტრი საკაბელო ქსელის რეაბილიტაცია, მასალები არის და პროცესიც დაწყებულია, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მიკრორაიონებში გაუმჯობესდეს ელექტროენერგიით მომარაგება. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსთავში შემოდიოდა ერთი კვების წყარო გაჩიანის ქვესადგურიდან, ეს პრობლემაც აღმოფხვრილია, ქალაქს უკვე 2 კვების წყარო აქვს. გაჩიანის ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების შემთხვევაში რუსთავს უწყდებოდა ელექტროენერგიის მოწოდება, მსგავსი ფაქტი ამიერიდან აღარ გვექნება. ამ ეტაპზე, ქალაქ რუსთავში ავარიული გამორთვების რაოდენობა 70%-მდეა შემცირებული და შევეცდებით რომ საერთოდ აღარ იყოს",-აცხადებს სერგო ჭურაძე.