ახალი წელი პატარებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო დღესასწაულია, ამიტომ ამ დღეებში ძალიან პოპულარული ხდება სერვისი -"თოვლის ბაბუა გამოძახებით" და რაც ყველაზე მთავარია საჩუქრები. საჩუქრები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან და აქვთ იმედი, რომ სანტა მათ სურვილებს აუცილებლად აუხდენს.
საახალწლოდ მშობლების ნაწილი ბავშვებისთვის სწორედ სანტა კლაუსის გამოძახების სერვისს იყენებს. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, თუ რა დაუჯდებათ წელს მშობლებს ამ სერვისით სარგებლობა. რუსთავში სანტა კლაუსის გამოძახებას 50-დან 100 ლარამდე ღირს.
ინტერნეტში შესაძლებელია ინდივიდუალური შეთავაზებების ნახვაც. ფასები აქაც 50 ლარიდან იწყება და, როგორც წესი, 200 ლარამდე ადის. ფასს ძირითადად ოჯახში სტუმრობის დრო განსაზღვრავს. ღამის 12 საათზე მოთხოვნა ყველაზე დიდია, შესაბამისად ფასიც ყველაზე მაღალია. ოჯახში დარჩენის სტანდარტული დრო 20-30 წუთია, უფრო მეტის შემთხვევაში ფასიც იზრდება. თუ სანტა ფიფიქიასთან ერთად მოგევლინათ, ღირებულებას 40-50 პროცენტი ემატება.
საახალწლოდ ამ ბიზნესში ბავშვთა გასართობ ცენტრებთან ერთად კერძო პირებიც ერთვებიან.
"თუ საამისო ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ, ამ სერვისის წყალობით შეძლებთ თქვენს პატარებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქოთ: თოვლის პაპასთან ერთად, რომლის სტუმრობაც საშუალოდ 50 ლარი ღირს, ბავშვებს ახალ წელს მიულოცავს ფიფქია - მისი გამოძახება ასევე 50 ლარი დაგიჯდებათ, ასევე - ჯამბაზი, მეკობრე, სპაიდერმენი, მიკი მაუსი და სხვები - მათი გამოძახება 40-50 ლარამდე ღირს"- განაცხადეს რუსთავის ერთერთ გასართობ ცენტრში
"ყველაზე დატვირთული დღე 31 დეკემბერია, გამოძახებები 20:00 საათიდან იწყება და ღამის 03:00 საათამდე გრძელდება. ძველით ახალ წელს გამოძახებების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც არის. ყველაზე ხშირად ოჯახებში გვეძახიან. ჩვენც, შესაბამისი საახალწლო პროგრამები გვაქვს, რომლითაც პატარებს ვართობთ. თოვლის პაპის გამოძახება ჩვენთან 50 ლარი ღირს. მხოლოდ ამ თანხის გადახდის შემთხვევაში თოვლის პაპა მიდის და უბრალოდ ულოცავს ბავშვებს, ყოველგვარი გასართობი პროგრამის გარეშე. ფიფქია და სხვა დამატებითი პერსონაჟები, რომლებიც ბავშვებს გამორჩეულად უყვართ, 40-50 ლარი ღირს. ფასები ასევე დამოკიდებულია ბავშვების რაოდენობასა და პროგრამის ხანგრძლივობაზე"- განაცხადა ინფო რუსთავთან ერთერთმა პირმა, რომელიც წლებია ამ საქმით არის დაკავებული.