მძღოლების აქცია რუსთავში

2018-12-27 13:53:26

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა.

მძღოლები მგზავრობის ფასის 50 თეთრით გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის მომსახურების ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ისინი მზგზავრობის არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.

"შეუძლებელია ასეთ პირობებში მუშაობა, საყოფაცხოვრებო ხარჯები გაორმაგებულია, საწვავ-საპოხ მასალების და სათადარიგო ნაწილების ფასები უნდა ნახოთ როგორ არის ყველაფერი გაძვირებულ , გვიჭირს მანქანების შენახვა, ყოველდღიურად გეგმაც გვაქვს შესატანი კომპანიაში, ასევე ველდებულებები გვაქვს ბანკებთან, ცხოვრება გაძვირდა და ჩვენ რა დავაშავეთ, ვეღარ ვწვდებით ამდენს, მოვითხოვთ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები წინააღმდეგ შემთხვევაში გავჩერდებით"- განაცხადა ერთ-ერთ ხაზზე დასაქმებულმა მძღოლმა ალეკო კოკაიამ.

"დაახლოებით 4 თვეა ვითხოვთ ტარიფის გაზრდას, ყველამ კარგად იცის ჩვენი მოთხოვნების შესახებ, და პასუხს არავინ არ გვეუბნება, ჩვენს მდგომარეობაში არავინ არ შედის, ვეღარ ვახერხებთ ოჯახების შენახვას, გაძვირდა ყველაფრის ფასი, მანქანებს შენახვა უნდა ათასი ხარჯი გვაქვს, ჩვენზე არავინ არ ფიქრობს დავიღალეთ უკვე. აქამდე შევინარჩუნეთ მგზავრობის ფასი და ახლა ამას ფიზიკურად ვეღარ მოვახერხებთ, თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები აქციები გაგრძელდება"- განაცხადა რუსთავი-თბილისის ხაზზე დასაქმებულმა მძღოლმა.

აქციის მონაწილეებთან რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ტაბაღუა მივიდა რომელმაც მძღოლებს დიალოგი შესთავაზა.

იქნება თუ არა გათვალისწინებული მძღოლების მოთხოვნა ჯერჯერობით უცნობია. საკითხთან დაკავშირებით მერიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

საპროტესტო აქციის მიუხედავად რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა არ შეფერხებულა.