დაბრუნდება თუ არა "დედა ენა" სკოლებში

2018-12-26 14:06:23

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, "დედა ენა" – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

"დედა ენა" არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა", ერთ-ერთი ელემენტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას. რაც გულისხმობს განსაკუთრებული ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიცოცხლისუნარიანობის, იდენტიფიკაციის, დოკუმენტირების, კვლევის, შენარჩუნების, დაცვის, პოპულარიზაციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც „დედა ენის“ , როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში", - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.