"ე.წ ღორის გრიპი"

2018-12-23 13:51:43

მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 - ე.წ. ღორის გრიპია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს.

რეკომენდაციები და რჩევები, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:

ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი.  ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

რაც შეეხება  H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომებს...

გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

მედიკოსების განცხადებით, ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილდნენ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით - სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებულები, თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონეები, მცირე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები. განსაკუთრებული ჯგუფია ორსულები, რომლებშიც გრიპი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე არაორსულებში, ამიტომ მათ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.