რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა.
"იმის გათვალისწინებით რომ ტარიფთან დაკავშირებით არაერთი მითქმა მოთქმა არის, სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა რომ დარეგულირებულიყო ეს საკითხი დადგენილების დონეზე და არსებული ტარიფები, რაც აქვს საბაზრო პირობებით გათვალისწიწნებული ის დაგვედგინა და თუ კი ნებართვის მფლობელს აქვს რაიმე მოსაზრებები იგივე ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვთქვათ ამყარებს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნებით ეს ყოფილიყო გავლილი შემდეგ სამუშაო ფორმატში დადადგენილი ნაწილი იყოს ისე როგორც არის მოქმედი. მას მერე რაც მერიის ჩართულობით მოხდება საკითხის შესწავლა შემდეგ არის შესაძლებელი ნებართვის მფლობელმა შეცვალოს ან ზოგადად შევცვალოთ პოზიცია ამ დადგენილებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე წარმოდგენილი დადგენილებით ფასი ნარჩუნდება და ის რეგულაცია რომელიც მთავრობას აქვს მიღებული 2020 წლის 1 აპრილამდე ფაქტიურად ვასრულებთ. ჩვენ ახლა შესაბამისობაში მოგვყავს შესაბამისი აქტი და ვადგენთ რეგულირებად ტარიფს", - განაცხადა ნინო ნიკოლავამ.
M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის (ტარიფის შენარჩუნების) შესახებ საკითხები საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განიხილეს.