შეხვედრა რუსთავის მერიაში

2018-12-18 16:17:19

რუსთავის მერიაში, ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მანანა ეგიაშვილმა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით განვითარების სამომავლო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

არსებული ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში იქნება მიწა ნაყიდი, სადაც სამინისტრო ააშენებს ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთათვის საცხოვრისს.

"საავადმყოფოები არის ძალიან გადატვირთული, 40%-ზე მეტს აღარ სჭირდება აქტიური მკურნალობა, წასასვლელი არ აქვთ არსად, ან ოჯახის წევრებს არ მიჰყავთ და სახელმწიფო უხდის იმავე ფულს რასაც მწვავე მდგომარეობის პაციენტს, ეს არის ზედმეტი ტვირთი და თან ეს ადამიანები არიან ჩაკეტილები, იზოლირებული და უარესად ხდებიან. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ საცხოვრისები გააკეთონ." განაცხადა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარინე კურატაშვილმა

შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დავით იშხნელი, გრიგოლ ვეფხვაძე, ამირან ჯანჯღავა და რუსთავის მერის მოადგილე, გოჩა ლორია ესწრებოდნენ.