რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გატანილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან დაუბრუნდა.
ბიუჯეტის პროექტის უკან დაბრუნების მთავარ მიზეზად მაჟორიტარები, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს დასახელებული პრობლემების ბიუჯეტში არ გათვალისწინებას ასახელებენ. მაჟორიტარები აცხადებენ რომ ბიუჯეტირებაში იყვნენ ჩართულები თუმცა აღმასრულებელმა ორგანომ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა.
"ამ ბიუჯეტით მაჟორიტარების მოთხოვნები არ იყო სათანადოდ გათვალისწინებული. მე ცალსახად არ დავეთანხმე ამ ეტაპზე და არც მომავალში დავეთანხმები შემობრუნებულ ვერსიას, თუ არ იქნება გათვალისწინებული ის საკითხები, რაც მე და სხვა მაჟორიტარებმა მივაწოდეთ აღმასრულებელ ორგანოს. ეს არის მაჟორიტარების როლის დაკნინება. ჩვენ ვიყავით ჩართულები ბიუჯეტირებაში, თუმცა არ მოხდა ამ საკითხების გათვალისწინება", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ამირან ჯანჯღავამ.
"ჩვენი 2019 წლის ბიუჯეტი უნდა იყოს სრულყოფილი, რომელშიც აუცილებლად იქნება გენდერული ასპექტი გათვალისწინებული, რადგან გენდერული ბიუჯეტირება არის ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე ვფიქრობ, რომ ის ბიუჯეტი, რასაც ქალაქი სთავაზობს მოსახლეობას აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული", - განაცხადა საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო ტაბატაძემ.
"წელს მატება გვაქვს ბიუჯეტის მიმართულებით, ახლა მთავარი არის, ის რომ ბიუჯეტი სწორად იყოს გადანაწილებული. იყო პროექტები, რომელსაც მივესალმები, მაგრამ ამასთან ერთად ინფრასტრუქტურის მიმართ და ასევე სოციალური კუთითაც შენიშვნებიც გვქონდა. მაჟორიტარები იყვნენ ჩართულები განხილვაში თუმცა არა იმ ფორმით რაც უფრო კარგი იქნებოდა. არ შეიძლება რომ თანაბრად იყოს ბიუჯეტი ყველა ოლქზე გადანაწილებული, უნდა ვიცოდეთ რა პრობლემები გვაქვს ამა თუ იმ ოლქში და იმის მიხედვით უნდა გაიწეროს პრიორიტეტები", - განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ ლევან ონიანმა.