საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.
პროექტი დამსწრე საზოგადოებას რუსთავის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარუდგინა. 2019 წლის ბიუჯეტი 41 024 300 ლარს შეადგენს.
ძირითადი საკითხები, რომელიც სხდომაზე განიხლეს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს ეხებოდა. "ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 5 მილიონ ლარამდე იზრდება, აღნიშნული თანხა გადანაწილდა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ პროექტებზე. გაზრდილია ასევე სხვადასხვა ააიპ-იების დაფინანსებები. გაიზარდა თანხები მრავალშვილიანთა პროგრამებისთვის, ასევე სხვადასხვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და აუტიზმით დაავადებული ადამიანებისთვის", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა.
"სამწუხაროდ ვერ ვხედავ ადამიანების იმ რაოდენობით ჩართულობას, როგორიც ქალაქს სჭირდება. ერთად უფრო მეტი შეგვიძლია. ბიუჯეტის დამტკიცებამდე იყო შეხვედრები უბნებზე, სადაც უფრო ცალსახა გახდა ის ძირითადი საკითხები, რომელიც ქალაქს აწუხებს. ქალაქს სჭირდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე მართვა, დახმარება შშმ პირებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გიგა ვეფხვაძემ.
2019 ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვები 21 ნოემბერს დაიწყება, ხოლო მისი საბოლოო დამტკიცება დეკემბერში მოხდება.