ახალი დეტალები ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ

2018-11-15 14:05:22

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, მეორე სართულზე მდებარე ბინაში სავარაუდოდ, დედა-შვილი იმყოფებოდნენ, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს.

"მეორე სართულზე, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები, ეს სამშენებლო ფილა არის რთული კონსტრუქცია, უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკით მისი აწევა", - განაცხადა კუპატაძემ.

ინფო რუსთავის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და სწორედ აღნიშნული ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც შესაძლოა, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან.

საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, დაკარგული დედა-შვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები. ინფო რუსთავის ჟურნალისტის ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ოჯახის წევრი, რომელსაც ექიმების დახმაება დასჭირდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ასევე საპატრული და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

ფონიჭალაში თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია დაეხმარება.

„ადგილზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო, თუმცა ეს მოგვიანებით დადგინდება. რამდენიმე სართული არის დანგრეული, არიან დაშავებულები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ევაკუირებულ ადამიანებს, გვერდით კორპუსებში არანაირი პრობლემა არ არის, ხოლო რაც შეეხება დაზიანებულ კორპუსს, ადამიანები, რომლებიც გამოყვანილები არიან საცხოვრებელი სახლებიდან, გადავიყვანთ სხვადასხვა მისამართებზე. ამას გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს. ასევე ჩვენ შევამოწმებთ რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება. თუ რაიმე დამატებითი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მერია და გამგეობა ამას თავის თავზე აიღებს. ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ზემო ფონიჭალაში მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის სამი სართული დააზიანა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ასევე დაზიანებულია სხვა საცხოვრებელი სახლებიც, ჩამსხვრეულია მინები. ასევე დაზიანებულია ეზოში გაჩერებული მანქანები.