ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.
აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.
"44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“- განაცხადა ექიმმა გუგა ქაშიბაძემ.
შემთხვევის ადგილზე საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია მივიდა, რომელმაც ინფო რუსთავს განუცხადა, რომ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები 2 ადამიანს ეძებენ, რომლებიც აფეთქების დროს კორპუსში იმყოფებოდნენ.
აფეთქება ზემო ფონიჭალაში მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის სამი სართული დააზიანა. ასევე დაზიანებულია სხვა საცხოვრებელი სახლებიც, ჩამსხვრეულია მინები. ასევე დაზიანებულია ეზოში გაჩერებული მანქანები.