აკადემიაში 60 ბავშვი იცხოვრებს [photo]

2018-10-24 18:56:11

რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. ნახეთ ვიდეო

საფეხბურთო აკადემია ოფიციალურად საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

21-ე მიკრო რაიონში, 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. ტერიტორიაზე ორი შენობა განთავსდა. აკადემიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს.

"ჩვენთვის სპორტს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით. ბავშვთა ფეხბურთის განვითარება არის ქართული ფეხბურთის მომავლის წარმატების გასაღები. ასეთი ინფრასტრუქტურა არის მნიშვნელოვანი მასობრივი სპორტის განვითარებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი ბეგაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი ხელისუფლების, ფიფას და უეფას ოფიციალური წარმომადგენლები.