აფეთქება მოხდა რუსთავში მე-19 მიკრორაიონში #14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. 7 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
როგორც ინფო რუსთავს ადგილობრივებმა განუცხადეს, აფეთქება იმ დროს მოხდა როდესაც ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დემონტაჟის დროს ავტოფარეხში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ასევე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
როგორც ინფო რუსთავს კლინიკა რუსთავში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში 9 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის არის 7 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 3 დაშავებული, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, როგორც საავადმყოფოში ინფო რუსთავს განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.