კონფერენციაში 35 ქვეყნა მონაწილეობს

2018-09-25 14:52:45

თბილისში ICOM/CECA -ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომლის თემაა "მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის".

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბეგაძემ.

"ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მზარდი დინამიკის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მრავალფეროვნება და მნიშვნელობა წარმოადგენს, როგორც არამატერიალური ისე მატერიალური, მათ შორის რა თქმა უნდა, უმთავრესად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუზეუმების გამრავალფეროვნება, ასევე კულტურის სხვა სფეროების მიმართულებით განვითარება. მე ვფიქრობ, ეს კონფერენცია, აქ წარმოდგენილი მეცნიერების მოხსენებები შესაძლებლობას მოგვცემს დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა გავაკეთოთ აქცენტები კულტურის სფეროს დივერსიფიკაციის კუთხით, რაც დღეს ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება და ჩვენ ეკონომიკაზე დადებითად აისახება", - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

კონფერენცია გაიმართა „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018“-ისა და „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების თეორიულ და მეთოდოლოგიური მიდგომების საკითხებს, მათ კავშირს განათლებასთან. კონფერენციაზე უცხოელი მონაწილეების მიერ წარმოდგენილია საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქტივობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.

კონფერენციაში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, მონაწილეობს 35 ქვეყნის ასზე მეტი ექსპერტი, მეცნიერი, მუზეუმების წარმომადგენლები.