მარიხუანას წარმოება იგეგმება

2018-09-11 15:32:26

მთავრობამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოში მარიხუანის წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით, ნებადართულს ხდის.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი "ქართული ოცნების" ოფისში, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს და ექსპორტზე ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების გატანა იგეგმება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი პრინციპების დონეზე განიხილეს. ზოიძის თქმით, საუბარი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ მარიხუანის მოხმარების წესებს შეეხო, თუმცა ასევე განიხილეს სამედიცინო მიზნით პროდუქტების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა.

"იყო საუბარი სამედიცინო მიზნით პროდუქტების გატანაზე. მაგრამ, ეს იყო ზოგადი საუბარი. კანონპროექტი არ გვინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ ინიციატივა არ იქნება ინიცირებული მთავრობის მიერ და არ ვნახავთ კონკრეტულ კანონპროექტს.

თვითონ მცენარეზე არ არის საუბარი. საუბარია მცენარის წარმოებაზე; ნივთიერებები გამოიყოს, განცალკევდეს ის ელემენტი, რომელიც ეიფორიის გამომწვევია და ა.შ. მთავარი მომენტი ის გახლავთ, რომ შიდა წარმოება, კულტივაცია და ა.შ. იქნება აკრძალული. საუბარია, რომ ექსპორტით  გავიდეს, როგორც ნახევარპროდუქტი ან შესაბამისი პროდუქტი, რომელიც სჭირდება ფარმაცევტულ წარმოებას. მაგრამ ეს იყო საუბარი. სანამ ეს არ აისახება შესაბამისი კანონპროექტის სახით, მე ვერ დავადასტურებ, რომ კანონში ეს ასე იქნება”, – აცხადებს ზოიძე.

შსს ადასტურებს, რომ მთავრობა სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით", – აცხადებს შსს.