„ინფო რუსთავს“ გვერდის მკითხველი მომხმარებლის უფლებების დარღვევის შესახებ დაუკავშირდა. მოქალაქის თქმით, ფაქტი 17 იანვარს დაფიქსირდა.
„გიგზავნით რუსთავის სუპერმარკეტში შეძენილი სვანური არაჟნის ფოტოებს, სადაც სიტყვა ''არაჟნისებრი'' დაფარული იყო კორექტორით. არაჟანი თუ არის უნდა ეწეროს "არაჟანი", თუ არადა - "არაჟნისებრი". მომხმარებლის არჩევანია - თუ უნდა არაჟნისებრს იყიდის, თუ უნდა არაჟანს. ამ შემთხვევაში მომხმარებელია მოტყუებული“ - განაცხადა გვერდის მკითხველმა.
“ინფო რუსთავი“ აღნიშნულ კომპანიას დაუკავშირდა. როგორც მათ განაცხადეს, სასურველია, რომ მსგავსი შემთხვევებისას მოქალაქეებმა სუპერმარკეტის ადმინისტრაციას მიმართონ, იმისთვის, რომ ფაქტს მყისიერი რეაგირება მოჰყვეს და სადისტრიბუციო კამპანიას გაფრთხილება მიეცეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო კი სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას ისევ განაგრძობს. სახელმწიფო კონტროლის მიზანი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა, რომლის მიხედვითაც, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, დაუშვებელია რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.
გასულ წელს ჩატარებული შემოწმებისას კი ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 63 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა, მათ შორის 40 ფაქტი ქვემო ქარლის რეგიონში დაფიქსირდა, მათგან ნახევარზე მეტი კი რუსთავში გამოვლინდა, რის შემდეგაც 2 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა, დანარჩენებს კი რეკომენდაციები მიეცათ. სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის ნაწარმის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 250 ნიმუშიდან კი 3 შემთხვევაში მცენარეული ცხიმის შემცვლელობა, ხოლო 14 ნიმუშში ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა დაფიქსირდა.
მსგავსი შემთხვევის აღმოჩენისას მოქალაქეები უნდა დარეკონ სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზზე 247 01 01 .