მოკლეს თუ არა ცოლ-ქმარი

2018-07-08 21:51:15

ამერიკის მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ. მათი 4 წლის შვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადას ხეობის მცხოვრები არ არის. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.

ხადას ხეობაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების ცხედრები 6 და 7 ივლისს იპოვეს. 6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.

წყარო: reginfo.ge