სამი ფერმერი ქალის მეურნეობა საფრთხეშია

2018-07-03 23:28:54

სამი ფერმერი ქალის მეურნეობა საფრთხეშია

თეა ქუთათელაძე  პროექტის იდეის ავტორია, რომელმაც სახელმწიფოს დაფინანსებით, ორ მეგობართან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოსა და მაყვლის ბიო-პლანტაცია გააშენა ამბობს, რომ მათ მეურნეობას საფრთხე ემუქრება. საუბარია რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, რომელიც კენკრის პლანტაციაში შეიძლება გაიყვანონ. პროექტში ჩადებულმა ინვესტიციამ ფერმერებისა და სახელმწიფოს მხრიდან ნეხევარ მილიონ ლარს გადააჭარბა, თუმცა რა ბედი ელის ფერმერი ქალბატონების პროექტს შევეცადეთ თავად იდეის ავტორისგან, გზების დეპარტამენტისგან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან გაგვეგო.

ამხანაგობა „ქართულ კენკრაში" პრობლემები მას შემდგე დაიწყო, რაც სამმა ფერმერმა ქალმა მარნეულის რაიონში 7 ჰექტარ ფართობზე ჟოლოსა და მაყვლის პლანტაცია სახელმწიფოს თანადაფინანსების პროექტ „დანერგე მომავლის"ფარგლებში გააშენა. როგორც ამხანაგობის ერთ-ერთი დამფუძნებელი თეა ქუთათელაძე ამბობს, მათ პლანტაცია 2017 წლის ნოემბრის თვეში გააშენეს და პროექტ„დანერგე მომავლის" გარდა სხვა სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტებითაც ისარგებლეს. საერთო ჯამში სახელმწიფოს მხრიდან პროექტში ჩადებულმა ინვესტიციამ  დაახლოებით 150 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა თავად პროექტის ავტორებმა თითქმის ერთი წლის თავზე ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს. როგორც თეა ამბობს, მას შემდეგ, რაც ნერგები დაირგო 2 თვეში მეურნეობიდან დარაჯი ურეკავს და ეუბნება, რომ მათ მიწაზე მიმდინარეობდა აზომვითი სამუშაოები, თუმცა რა მიზნით და რისთვის ამაზე პასუხი მოგვიანებით შეიტყვეს. „დაცვის თანამშრომელმა ამზომველებს გადასცა ჩვენი, როგორც მესაკუთრების საკონტაქტო ნომრები, თუმცა არავის დაურეკავს ჩვენთვის. შემდგომ როგორც სოფელში გავიკითხეთ გვითხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომაგისტრალი უნდა გასულიყო, რამაც სერიოზულად შეგვაშფოთა. შემდეგ დავუკავშირდით გზების დეპარტამენტს, შევხვდით ქვეკონტრქატორი კომპანიის წარმომადგენლებს და გვითხრეს,რომ თუ ბევრს იხმაურებთ სასამართლოს გზით ექსპროპრეაციას დაექვემდებარება თქვენი ქონება და დარჩებით ზარალის ანაზღაურების გარეშეო. ეს პასუხი კი ჩვენს კითხვას მოჰყვა გზის გადაწევის ან ზარალის ანაზღაურების თაობაზე და იქვე გვითხრეს, რომ გადაწევაზე არც იფიქროთო. ქვეკონტრაქტორს ასევე შედგენილი ჰქონდა 4 ხაზიანი ინვენტარიზაციის საბუთი, სადაც ეწერა რომ დარგული გვაქვსჟოლო-მაყვალი და გვაქვს ასევე ღობე. შემდეგ გავარკვიეთ, რომ მაგისტრალის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებდა და გადავწყვიტეთ ამ ორგანიზაცის დავკავშირებოდით და გვეცნობებინა ჩვენი გასაჭირის შესახებ. შედეგმაც არ დააყოვნა და მსოფლიო ბანკი მალევე დაინტერესდა, დაგვიკავშირდა და მალევე ჩაერთო საქმეში. ამის შემდგე გზების დეპარტამენტიდან დაგვირეკეს, შეხვედრაზე დაგვიბარეს და წინა შეხვედრისგან განსხვავებით ზრდილობიანადაც მიგვიღეს. მოგვისმინეს, ბოდიში მოგვიხადეს ქვეკონტრაქტორის მხრიდან დაშინებაზედა სწორედ ამ შეხვედრაზე შედგა ზეპირი შეთანხმება, რომ ავტომაგისტრალი ჩვენს პლანტაციაზე აღარ გაივლიდა და ის მხოლოდ 61 მეტრით დაშორდებოდა ჩვენს ღობეს, თუმცა ჩვენთვის არც ეს არის მისაღები, რადგან ვაკეთებთ ბიოლოგიურად სუფთა მეურნეობას და ევროსტანდარტით ბიო მეურნეობიდან გზები და ავტომაგისტრალები გარკვეული მანძილით უნდა იყოს დაშორებული. ზოგან ესაა 100 მეტრი ზოგან ერთი კილომეტრიც კი, თუმცა იმ პირობებში რომ საქართველოში მოძრავი მანქანების უმეტესობა ტექნიკურად გამართული არაა და არ მოწმდება საწვავის ხარისხი, ძნელი იქნება ბიო მეურნეობის შექმნა. იმ შემთხვევაში თუ ავტობანი ჩვენს პლანტაციას 61 მეტრის დაშორებით ჩაუვლის, გვინდა რომ გათვალისწინებული იყოს ის სტანდარტი რითაც ევროპაში ხელმძღვანელობენ და პლანტაციასა და გზას შორის დაირგოს რამდენიმე ზოლი სპეციალური ჯიშის ხე და ასევე ავტომაგიისტრალის იმ მონაკვეთზე, რომელიც პლანტაციას გვერდს აუვლის დამონტაჟდეს სპეციალური ღობე, რითაც ასეთუისე  დაიცავს ჩვენს მეურნეობას.

იმისთვის, რომ გაგვერკვია თუ რატომ დააფინანსა პროექტების მართვის სააგენტომ აღნიშნული პროექტი და თანამშრომლობენ თუ არა ერთმანეთთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, რათა თავიდან  ავიცილოთ სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილი თანხების არარაციონალური ხარჯვა და რამდენად უვნებელია ავტომაგისტრალის გასწვრივ მოყვანილი პროდუქტებივესტუმერეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სატელეფონო კომენტრი ჩავწერეთ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილესთან ბატონ ალექსანდრე თევდორაძესთან და ასევე ვესაუბრეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ზამბახიძეს.

როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში განმარტა, დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ არცერთი მესაკუთრე არ დარჩეს უკმაყოფილო და ამ შემთხვევაშიც ასე ხდება. ბატონი ალექსანდრეთევდორაძის თქმით ის შეხვდა თეა ქუთათელაძეს და მის პარტნიორებს და მსოფლიო ბანკის შუამდგომლობით ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უშუალოდ ამზადებს პროექტს, წერილობით დაევალა რომ აღნიშნულ პროექტში შეეტანა ცვლილებები და დღეს უკვე კორექტირების შემდეგ ერთ მონაკვეთში ავტომაგისტრალი 61 მეტრით დაშორდება აღნიშნულ მეურნეობას ხოლო მეორე მონაკვეთში 150 მეტრით. ასევე თევდორაძემ განმარტა, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არ არის დადგენილი თუ რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული ნებისმიერი მეურნეობა ავტომაგისტრალიდან, რომ არ დაბინძურდეს სხვადასხვა მძიმე მეტალებისგანმეურნეობაში მოყვანილი პროდუქტები. ჩვენს შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა ქვეკონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ფერმერებზე ზეწოლის ფაქტს, ალექსანდრემ განმარტა რომ მისი ინფორმაციიით არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ უბრალოდ ფერმერებს აუხსნა ის ეტაპები თუ 2 მხარეს შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა აღნიშნული ქონება დაექვემდებარებოდა სასამართლოს გზით ექსპროპრეაციას და თავდაპირველად შეთავაზებული თანხა გადაერიცხებოდათ ფერმერებს. „ასევე მინდა განვმარტო რომ ჩვენი დეპარტამენტი თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან და პროექტის ჩამოყალიბების შემდეგ ყველა დაინტერესებულ მხარეს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას, რათა ყველა წინასწარიყოს ინფორმირებული. ამ შემთხვევაში კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები თუ რა მონაკვეთებზე შეიძლებოდა ავტომაგისტარლის მშენებლობა და პროექტი იყო შედგენის პროცესში, რაც ახლაც  აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სავარაუდოდ 2020 ან 2021 წელს დაიწყება და გათვალისწინებული იქნება ყველა დეტალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მანამდე კი ფერმერებს აქვთ დრო, რომ გააკეთონ ანალიზები იქნება თუ არა მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთა.

ჩვენ ასევე ვეწვიეთ სოფლის მეურნეობის „პროექტების მართვის სააგენტოს", რათა მოგვესმინა მათი პოზიცია, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

პროექტების მართვის სააგენტოს პროექტ „დანერგე მომავლის"  მენეჯერის მარიამ მეკოშკიშვილის განმარტებით, მათ ნამდვილად დააფინანსეს სამი ფერმერი ქალის ჟოლოსა და მაყვლის მეურნეობა,თუმცა  პროექტში ნამდვილად არ არის გაწერილი თუ რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული მეურნეობა ავტომაგისტრალიდან და მათ პროექტში საერთოდ არ აქვთ ჩადებული ბიომეურნეობის კომპონენტი. „ჩვენ ვაფინანსებთ ყველას, ვინც წარმოადგენს  საჭირო საბუთები ნუსხას დაფინანსების მისაღებად, არავის არ ვზღუდავთ იმით, რომ თუ მათი მიწის გვერდით გადის გზა ან მაგისტრალი არ დავაფინანსოთ. ჩვენი მოვალეობაა სრულად ავითვისოთ ბიუჯეტი და დავაფინანსოთ ყველა ის პროექტით  დაინტერესებული პირი, რომელიც განცხადებას შემოიტანს ბაღის გაშენების თაობაზე. რა თქმა უნდა ყველა პროექტს აქვს  რისკი და რისკების გამოკვეთით თავად ბენეფიციარი უნდა იყოს დაინტერესებული. ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა ცნობილი, რომ იმ ტერიტორიაზე სამომავლოდ ავტომაგისტრალს უნდა გაევლო, თუმცა რომც გვცოდნოდა ეს ნამდვილად არ იქნებოდა დაფინანსების მიღებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. ეს ყველაფერი ბენეფიციარმა უნდა გათვალოს, მოიძიოს და ამის შემდეგ თავად გადაწყვიტოს უღირს თუ არა იმ ტერიტორიაზე პროექტის განხორციელება, რადგან ჩვენს გარდა გაღებული ფინანსებისა თავადაც უწევს ბენეფიციარს პროექტში ჩადოს მთლიანი თანხის 40%.ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვსწავლობთ საბუთებს ვიღებთ გადაწყვეტილებას  დავაფინანსოთ თუ არა ესათუის პროექტი, ხოლო დაფნანსების მერე ბენფიციარი გაყიდის თუ არა მის მეურნეობას და რას იზამს ეს უკვე მისი გადასწყვეტია".

გზების დეპარტამენტისგან განსხვავებით, პროექტების მართვის სააგენტში აღნიშნეს, რომ მათ არანაირი კოორდინაცია არ აქვთ სხვადასხვა უწყებებთან და არც მომავალში იციან გამოსწორდება თუ არა რამე ამ მიმართულებით, ან პროექტში შევა თუ არა ცვლილებები რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული მეურნეობა ან პლანტაცია ავტომაგისტალიდან.

უსაფრთხოა თუ არა ავტომაგისტარლის მიმდებარე ტერიტორიზე მოყვანილი პროდუქტები და რამდენად უვნებელია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნინო ზამბახიძეს დავუკავშირდით.როგორც ქალბატონმა ნინომ განმარტა საქართველოში  სტანდარტები არ არის დადგენილი ისე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაგისტრალსა და პლანტაციას შორის მანძილის შესახებ.„საქართველოს მსგავსად ევროპაშიც შეხვდებით არაერთ პლანტაციას გზის სიახლოვეს, მაგრამ იქ ყველაფერი კონტროლდება: საწვავის ხარისხი, ავტომობილი არის თუ არა გამართული, დიდი ყურადღება ექცევა მიწის, ჰაერის და წყლის ანალიზებს. ავტომაგისტარლის სიახლოვეს მოყვანილი პროდუქტი, რა თქმა უნდა გაჯერებული იქნება სხვადასხვა მავნე ნივთიერებებით, რაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, თუმცა ეს ჩვენთან არ მოწმდება. ევროპის ბაზარზე ამ ყველაფერს დიდი ყუდრადღება ექცევა და თუ პროდუქტში აღმოჩნდა მავნე ნივთიერებები, ის პროდუქტი იბლოკება და ვერ შედის ევრობაზარზე. რაც შეეხება ქალბატონი თეას ბიომეურნეობას, სამწუხაროდ საქართველოში სახელმწიფო დონეზე არ არსებობს არანაირი სტანდარტი რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიომეურნეობა. დღეს ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიო სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციაზე". ფერმერთა ფედერაციის თავმჯდომარემ ასევე დაანონსა, რომ ის და მისი პარტნიორები უახლოეს მომავალში აპირებენ, რომ სახელმწიფო დონეზე მიიღონ ის სტანდარტები, რაც გახდება გარანტი იმისა, რომ მოვიყვანოთ და მივირთვათ სუფთა და ჯანსაღი პროდუქტები.

ავტორი: ნოდარ ლაფანაშვილი