რუსთავის საქალაქო სასამართლომ, მარნეულში მომხდარ სკანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულ სამ პირს გირაო შეუფარდა.
ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ელჩინ ალახვერდოვის ცემაში მონაწილე პირების საქმეს განიხილავდნენ. აზერ სულეიმანოვის, ელიხამ გულიევის და რამინ არახვერდიევის სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ რუსთავის სასამართლოს, აღნიშნული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს მიმართა.
პროკურატურა, სამივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენებას მოითხოვდა 5 000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ ბრალდებულ სამ პირს 4 000 ლარიანი გირაო შეეფერდა. ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღეში უნდა გადაიხადონ.
აზერ სულეიმანოვი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. სულეიმანოვის ადვოკატმა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების მოხსნის შუამდგომლობითაც მიმართა. წაყენებულ ბრალს არ აღიარებს არც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია "ქართული ოცნებიდან" რამინ ალახვერდიევი და ელიხამ გულიევი, რომელიც თემურ აბაზოვის ნათესავია. მათი განცხადებით გირაოს თანხას ვერ გადაიხდიან რადგან გადახდის საშუალება არ აქვთ.