საკრებულოში ჭყონდიდელის მოსახლეობას შეხვდნენ

2018-05-23 19:43:55

ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ბინების დაკანონებას ითხოვს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, მოქალაქეების პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი განიხილა.

ლევან ონიანის განცხადებით, ამ ეტაპისთვის თვითმმართველობას არ გააჩნია საცხოვრებელი ფართების რეგისტრაციისა და საკუთრებაში გადაცემის უფლებამოსილება, თუმცა ის მოსახლეობას ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობას დაჰპირდა, რათა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს და ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა აღმოიფხვრას.

"აღვუთქვით იმის პირობა, რომ აუცილებლად თითოეულ გადადგმულ ნაბიჯში იქნებიან ჩართულები თვითონ, გათვალისწინებული იქნება მათი აზრი, თუ რაიმე შენიშვნა ექნებათ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ თემაზე... დღეს ესწრებოდა საუბარს ქონების სამსახურის უფროსი, ჩემი მოადგილეები, ფინანსური კომისიის ხელმძღვანელი და მასშტაბური შეხვედრა გვქონდა " - აღნიშნა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ლევან ონიანმა.

სამუშაო შეხვედრას საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნანა შატბერაშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილი, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანგიძე ესწრებოდნენ.