რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 11 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმედ ფასდება. რუსთაველ მოზარდს ბოკერიას სახელობის კლინიკაში ოპერაციები უტარდება, კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "არის ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, გოგონას ოპერაციები უტარდება, პაციენტი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა".
შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ქუჩაზე უკუსვლით გადაადგილდებოდა რა დროსაც დედას და მის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაშავებულებს პირველადი დახმარება გაუწიეს, მათ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ 11 წლის გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო და ის თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.