ქართული სუფრა სასაფლაოებზე - ტრადიცია, რომელიც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სააღდგომოდ განსაკუთრებულად ემზადება, იმისთვის, რომ სასაფლაოზე გაშლილი სუფრა რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. ეს ტარდიცია დროთა განმავლობაში გადასხვაფერდა და სააღდგომოდ საფლავებზე გასვლა ზოგ შემთხვევაში ზღვარს გადასულ ტრაპეზად იქცა.
სააღდგომოდ სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებთ ისეთ ფოტოებს რომლებიც მიცვალებულთა საფლავებზეა გადაღებული- საფლავებთან ახლოს გაშლილი ტრადიციული ქართული სუფრა, სუფრის წევრები და თამადა.
როგორ უყურებს ამას ეკლესია - როგორც სასულიერო პირები ამბობენ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ადამიანები ტაძარში უნდა შეხვდნენ და შემდეგ ოჯახთან და ახლობლებთან ერთად იზეიმონ ეს დღე. რათქმაუნდა ეკლესია არ კრძალავს იმას, რომ მიხვიდე საფლავზე და მიულოცო შენს მიცვალებულს აღდგომის დღესასწაული პასკით, კვერცხით და ერთი ჭიქა ღვინოთი, უბრალოდ არ უნდა გადაიზრდოს ეს ყველაფერი ღრეობაში.
სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ თუ ადამიანებს სურთ რომ აღდგომის სიხარული ვინმეს გაუზიარონ, სჯობს სანოვაგე, რომელიც სასაფლაოზე გატანილი აქვთ, სოციალურად დაუცველებს დაურიგონ.