2026-02-18 19:12:06
ბოლო წლებში სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ღირებულება გაძვირდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ სახელმწიფო სერვისების საფასურების ჩამონათვალს.
პირადობის მოწმობის აღება მიმართვიდან 10 დღის ვადაში 30 ლარი ღირდა. 2025 წელს ფასი გაორმაგდა და ახლა 60 ლარი ღირს.
იმ შემთხვევაში, თუკი დაჩქარებულად გსურთ პირადობის მოწმობის მიღება, ფასები ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს– 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს– 100 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს– 120 ლარი; იმავე დღეს– 150 ლარი.
100 ლარიდან 160 ლარამდე გაიზარდა ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის.
ეს იმ შემთხვევაში, თუკი მე-10 სამუშაო დღეს აიღებთ. დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში მომსახურების საფასური ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს– 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს– 225 ლარი, 24 საათში- 300 ლარი, ხოლო იმავე დღეს 350 ლარი.
ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში არის უფასო, ხოლო სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური 50 ლარიდან 75 ლარამდე გაიზარდა.
ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით სამუშაო დღეებში 135 ლარი ღირს, ხოლო შაბათ-კვირას– 225 ლარი.
განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური ღირდა 45 ლარი, ახლა ღირს 60 ლარი.
2022 წელს იპოთეკის მოწმობის გაცემა, მასში ცვლილება, ან ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღეში 75 ლარი ღირდა. 2026 წლის მონაცემებით, 4 სამუშაო დღეში იპოთეკის რეგისტრაცია 150 ლარი ღირს, 1 სამუშაო დღეში– 270 ლარი, ხოლო იმავე დღეს– 350 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება, დამატებით გადასახდელია ხელმოწერის დამოწმების საფასური– 7 ლარი.
თითქმის გაორმაგდა და გასამმაგდა ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია.
ქონების რეგისტრაცია– ღირდა 55 ლარი, გახდა– 150 ლარი.
ბიზნესის რეგისტრაცია 110 ლარის ნაცვლად ახლა 200 ლარი ღირს– ვადა 1 სამუშაო დღე. თუ განცხადების შეტანის დღესვე გსურთ რეგისტრაცია, ღირებულება 400 ლარია.
სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი, ხოლო ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება დამატებით 26 ლარი ღირს.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია 2021 წელს 2 სამუშაო დღის ვადაში 30 ლარი ღირდა. წელს 2 სამუშაო დღის ვადაში 39 ლარი ღირს.
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია 2022 წელს 100 ლარი ღირდა, 2026 წელს ეს მომსახურება 200 ლარი ღირს.
თეორიული გამოცდის ჩაბარების საფასური 40 ლარია, ამაში შედის მოედანზე გეგმიური გასვლაც, ხოლო მართვის მოწმობის მისაღებად ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა 90 ლარი ღირს.
2023 წლამდე მართვის მოწმობის აღება 55 ლარამდე ღირდა. 2023 წლის სექტემბერში მართვის მოწმობის მიღება ორეტაპიანი გახდა, სწორედ ამ დროს დაემატა 90 ლარი, რაც ქალაქის გამოცდის საფასურია.