იაღლუჯაზე მიწის მფლობელები რუსთავის მერიასთან აქციას აღარ გამართავენ

2025-12-04 14:12:50

იაღლუჯაზე მიწის მფლობელები რუსთავის მერიასთან აქციას აღარ გამართავენ.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" აქციის ორგანიზატორმა და ჯგუფი "იაღლუჯის სამეზობლოს" შემქმნელმა მარიამ ქვარცხავამ განუცხადა.

მისი თქმით, ის მოთხოვნა, რისთვისაც 5 დეკემბერს აქცია იყო ჩანიშნული, უკვე შესრულდა და უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა იაღლუჯის ფერზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უკვე შედგა.

"კომისიას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, საჯარო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი დავით დევიძე. ყველაზე მეტი კითხვა სწორედ მას დავუსვით. ბატონმა დავითმა თქვა, რომ ამ ეტაპზე სისტემური რეგისტრაცია არ განიხილება იაღლუჯაზე, რადგან ეს პროცესი მთავრდება. თუმცა ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და ამ საკითხზე მსჯელობა არ დაგვისრულებია.

შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ შედგება შეხვედრა, ამ მასალებს გაეცნობიან, კიდევ უფრო მეტად შეისწავლიან, დაბრუნდებიან. ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს, რომელიც საჯარო რეესტრს არ ჰქონდა, მაგალითად განაწილების რუკები და სიები. ჩვენ შევპირდით, რომ ამ რუკებსა და სიებს მივაწვდიდით, მათ შორის ორიგინალ რუკებს, რომელიც ერთმა ადამიანმა გადაარჩინა დაწვასა და დაკარგვას. 
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საჯარო რეესტრზე. ის მიზეზები, რის გამოც გადაიფიქრეს რეგისტრაცია, ამის აღმოფხვრაში ჩვენი ჯგუფი დაეხმარება. კერძო ზედდების ნაკვეთებს რაც შეეხება, აქ სასამართლოს მიმართულება და ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა იქნება საჭირო.

ვინაიდან აქციის მოთხოვნა იყო მერისა და გუბერნატორის ჩართულობა და ეს უკვე შედგა, უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრაც გაიმართა, შესაბამისად აქცია გადაიდო, აღარ ჩატარდება 5 დეკემბერს. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება საჯარო რეესტრთან, რადგან ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მათ აქტიურობასა და ჩართულობაზე",- გვითხრა მარიამ ქვარცხავამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები