პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

2025-10-10 17:56:02

საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებული ცალკეული მომიტინგის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე განცხადებას ავრცელებს და დაცვის მხარეს მიმართავს, უწყებას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს, რათა „აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის შეფარდების მიზანშეწონილობაზე" იმსჯელონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აქციის მონაწილეთა ან მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ დაცვის მხარის მიერ არც ერთი დოკუმენტი არ არის წარდგენილი.

„ორი დღეა მთელ რიგ საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია შსს-ს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ნაწილზე, რომ მათ ან მათ მცირეწლოვან შვილებს აქვთ მძიმე დაავადებები და რომ თითქოს აღნიშნულ გარემოებას ბრალდების მხარე ყურადღებასაც კი არ აქცევს. მსგავსი ინფორმაციები კამპანიურად ვრცელდება, მაგალითად, ალექსანდრე გოგოლაძეზე, გიორგი ჩახუნაშვილზე, მათ შორის მის ასაკზე მითითებით და ა.შ.

ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციას ხსენებული მძიმე დაავადებების შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს, ნაცვლად ინფორმაციების კამპანიურად გავრცელებაში ჩართულობისა, პარალელურად მაინც წარმოადგინონ გავრცელებული ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის შეფარდების მიზანშეწონილობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციები ემსახურება მხოლოდ სუბიექტურ პიარულ მიზნებს და არა ბრალდებულების ინტერესებს - განსაკუთრებულ შემთხვევაში შეეფარდოთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.